Sunday, February 3, 2013

სუროგაციის პირობები მკაცრდება

მე–20 საუკუნის მიწურულამდე ადამიანები მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის შედეგად იბადებოდნენ. ტექნიკური პროგრესის საუკუნეში კი ექიმებმა ემბრიონის შექმნა სინჯარაში მოახერხეს. ქალის კვერცხუჯრედში მამაკაცის სპერმა ხელოვნურად შეჰყავთ და ახალი სიცოცხლეც ისახება, რომელსაც საშვილოსნოში ათავსებენ. მედიცინის სასწაული ბიოლოგიური შვილის ყოლის ბედნიერებას ანიჭებს იმ ქალსაც, რომლის საშვილოსნოს ნაყოფის ტარების უნარი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში მის ნაყოფს სუროგატი დედის საშვილოსნოში ათავსებენ. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სუროგაცია გავრცელებული მეთოდია და, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყაროც. 
ელენე ობოლაძე: 
დღეს მოქმედი კანონი 1997 წელს მიიღეს. მაშინ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია კარგად არ იყო განვითარებული. გარკვეული საკითხების რეგულირება აუცილებელია. ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები არ არსებობს. გადავწყვიტეთ, რაც გვაქვს, ის სამედიცინო ტექნოლოგიები შევინარჩუნოთ, მაგრამ მოვაქციოთ გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია და ვინც გარიგებაში მონაწილეობს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
ევროპაში მხოლოდ საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთშია დაშვებული სუროგაცია. დიდ ბრიტანეთში გაშვილების წესით, ორდერით გადაეცემა ბავშვი წყვილს. იქ, მიუხედავად იმისა, რომ სუროგატ დედას გენეტიკური კავშირი შეიძლება არ ჰქონდეს ბავშვთან, თუ ქალმა ამ ბავშვის დატოვება გადაწყვიტა, უფლება არ აქვთ, მას ჩვილი წაართვან. პორტუგალიაში ამჟამად მუშავდება კანონი ალტრუისტულ, ანუ არაკომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებით. კომერციული სუროგაცია დაშვებულია რუსეთში, უკრაინასა და ინდოეთში. 

სამაგიეროდ, ამერიკაში ყვავის კომერციული სუროგაცია. 

34 შტატი შედარებით ლიბერალურია ამ მხრივ, მაგრამ იქ სასამართლო სწავლობს ხელშეკრულების დადების პირობებს და შესაძლოა ეს ამბავი უშვილო წყვილისთვის კარგად არც დამთავრდეს. ჩვენ გვინდა, დავაწესოთ გარკვეული ჩარჩოები, რომ არ მოხდეს უკანონო გარიგება. მოვხაზეთ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების ნუსხა, ასევე იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს. 
ამ კანონის მიხედვით, ხელოვნური განაყოფიერების ერთ ცდაზე იკრძალება სამ ემბრიონზე, ანუ იმაზე მეტის მიღება, რამდენის გადატანაც ერთდროულადაა შესაძლებელი საშვილოსნოში. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი რა არის? 
თუ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებისას ძალიან ბევრ ემბრიონს მივიღებთ, მერე რა ვქნათ, გავანადგუროთ? საერთაშორისო საზოგადოება, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ემხრობა იმას, რომ მივიღოთ იმდენი ემბრიონი, რაც ერთი გადატანის დროს იქნება საჭირო. ეს იქნება სამი თუ ხუთი, ამას აჩვენებს ამ დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა. თუმცა ფაქტი ერთია – უნდა მივიღოთ ემბრიონების მინიმალური რაოდენობა, რომ მერე გასანადგურებელი არ გახდეს. 
რამდენად მისაღებია ემბრიონების განადგურება ჩვენი რელიგიისთვის თუ მორალური თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ რამდენიმე საათის ჩასახული ემბრიონის უფლებებზე ვისაუბროთ მაშინ, როცა კანონით დაშვებულია 12 კვირის ორსულისთვის აბორტის გაკეთება... 
აბორტის აკრძალვა ვერ იმუშავებდა – აბორტების კრიმინალიზაციას გამოიწვევდა. თანაც ბოლო დროს აბორტების რაოდენობა ძალიან შემცირებულია, რაშიც ეკლესიამ ითამაშა პოზიტიური როლი. 
ევროპაში ხელოვნური განაყოფიერება უფასოა. ჩვენთან კი ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ კანონით, წყვილს ეკრძალება სარეზერვო ემბრიონის შენახვა – კრიოპრეზერვაცია, ანუ გაყინვა. ხელმეორე ცდის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან უნდა გაკეთდეს და იგივე დიდი თანხა დაჯდეს. ამას ყველა ვერ შეძლებს. 
გიდასტურებთ, რომ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები უშვილო წყვილებისთვის პირველი ცდა არის უფასო, მაგრამ უფლებრივი და ფინანსური საკითხები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. გეთანხმებით, რომ ეს ფინანსურად მძიმეა, მაგრამ ემბრიონსაც გააჩნია თავისი უფლებები. საქართველოში ბევრი ხელოვნური განაყოფიერების ცენტრია გახსნილი, რომლებიც, არავინ იცის, რა ნებართვის და ლიცენზიის საფუძველზე მუშაობენ. ახლახან წავიკითხე, რომ ასეთი ცენტრი გონიოს რომელიღაც სასტუმროში გაიხსნა! 
ასეთი ცენტრები ნებართვის გარეშე მუშაობენ? იქნებ აქედან დაგვეწყო კანონში ცვლილებების შეტანა? 
არ ვიცი, რომელი დაწესებულება როგორ მუშაობს. სამედიცინო ხარისხზე კონტროლის გაწევა პარლამენტის საქმე არ არის. ჩვენი კომიტეტი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები. ხელოვნური ჩასახვის შედეგად გარკვეული დეფექტით რომ დაიბადოს ბავშვი და წყვილმა იჩივლოს, ეს სერიოზული საკითხია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველგან შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის გახსნა. არ არსებობს სუროგატი დედების და დონორების ერთიანი რეესტრი. ახალი კანონით, ყველა დაწესებულება ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს ერთიან რეესტრს. 
ალბათ არც ერთი ქალი დათანხმდება, მუცლით ატაროს სხვა ქალის ნაყოფი, თუკი მას ფინანსური დაინტერესება არ ექნება. ახალი კანონით კი, თუ ქალს არ ჰყავს და ან სხვა ნათესავი, ვინც უანგაროდ გახდება მისი შვილის სუროგატი დედა, მას უშვილოდ დარჩენა ემუქრება. 

არის მოსაზრება, რომ სუროგატი დედებისთვის ეს სიღარიბიდან ამოსვლის ერთ–ერთი საშუალებაა. ზოგ ქვეყანაში ორგანოებითაც ვაჭრობენ. ვიღაც უნარშეზღუდული იბადება. რა ვქნათ, ბუნებამ ასე დაუშვა. ამ უნარებს ჩვენ ხომ ვერ შევუვსებთ? არის საკითხები, რაც კანონით არ წესრიგდება ისე, რომ ყველა მხარე ბედნიერი იყოს. რა გავაკეთოთ, ვისარგებლოთ გაჭირვებული ქალებით, რომ მათ გააჩინონ ბავშვები? ეს არ არის ერთი ადამიანის მიერ მეორის შეურაცხყოფა?! 
მე მისაუბრია სუროგატ დედებთან, რომლებიც მორალურადაც და ფინანსურადაც კმაყოფილები იყვნენ, რომ უშვილო წყვილს დაეხმარნენ შვილის გაჩენაში. შეურაცხყოფილი არავინ იყო. 
საქართველოში ისეთი დედებიც გვინახავს, სიხარულით რომ ყიდიან შვილებს. პროფესიით გინეკოლოგი ვარ და ვიცი, ორგანიზმში რა ძვრები ახლავს ორსულობას. როცა ამას ალტრუისტულად აკეთებ ახლობლისთვის, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ, როცა ფულის გამო... უცხოელი რომ შემოდის, ქართველ ქალს აჩენინებს შვილს, მიდის და აქ გვრჩება ნამშობიარევი ქალი, რომელსაც შეიძლება რაღაც გართულება დაემართოს, ეს ხომ მისი ოჯახის და სახელმწიფოს პრობლემაა? ჩვენ გვიწერია, რომ სუროგაცია დაშვებულია მხოლოდ ქორწინებაში მყოფი წყვილებისათვის, თუმცა გამოიკვეთა აზრი, რომ ეს უფლება მარტოხელებსაც მივცეთ. 
აგრეთვე 
კრძალავთ  ანაზღაურებას კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორებისთვის. 
ჩვენი პროექტით, ყიდვა–გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ აქაც შეიძლება მოიძებნოს კომპრომისი, რადგან გვიწერია, რომ უნდა ანაზღაურდეს დრო, ტრანსპორტი, სამუშაოდან მოცდენა... კანონის პირველ მოსმენამდე ამ საკითხზეც გავივლით კონსულტაციას. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს დონორების ჯერადობას, რომ ინცესტი არ მოხდეს. დღეს კი არც ეს კონტროლდება. 
გასაშვილებელი ბავშვების კუთხით რა მდგომარეობაა? 
ჯანმრთელი ბავშვი, რომლის აყვანასაც ოჯახი თანხმდება, ძალიან ცოტაა. შეიძლება წყვილს ათეული წელი მოუწიოს რიგში დგომა.
...



No comments:

Post a Comment