როდესაც დალიმ ბავშვის სქესი გაიგო, არ აღელვებულა. სიხარული არც მაშინ უგრძვნია, როცა მის მუცელში პატარა პირველად გაინძრა. ახლა ბავშვის მოძრაობას ყოველდღიურად გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. დარწმუნებულია, რომ რეაქცია არც მის პირველ ტირილზე ექნება.
.jpg)
დალი სუროგატი დედაა. მის მუცელში სხვისი შვილი იზრდება, რომელსაც მასთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს. ბავშვი მშობლების ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა. ხუთი თვის წინ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაიტანეს, ანუ მისი სხეული ერთგვარ ინკუბატორად გამოიყენეს. დაბადებისთანავე ბავშვს თავისი უცხოელი მშობლები წაიყვანენ და დალიც პატარას ვეღარასდროს შეხვდება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ!"
საკუთარი მუცლის ჭურჭლად გამოყენებას სუროგაცია ჰქვია. მას მერე, რაც ხელოვნური განაყოფიერება გავრცელებული მეთოდი გახდა, სუროგაციაც უშვილო ცოლ-ქმრებისთვის ხსნად იქცა. პირველი ოფიციალური გარიგება სუროგატ დედასა და უშვილო წყვილს შორის ამერიკაში 1976 წელს გაფორმდა. ამით დაიწყო მსოფლიოში სუროგაციის გამოცდილება, რომელიც უნაყოფობის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეთოდადაც იქცა.
სუროგატ დედებს ხან "ჭურჭელს" ეძახიან, ხან "ინკუბატორს", ხანაც - "მატარებელს". 9 თვის განმავლობაში ისინი თავიანთ საშვილოსნოს "აქირავებენ", 9 თვის შემდეგ კი მათ მაგივრად სიხარულს ბავშვის ნამდვილი, ბიოლოგიური მშობლები განიცდიან. სუროგატი დედების უმრავლესობა ბავშვს არც ძუძუს აწოვებს და არც ნახულობს. ნამდვილ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ხშირად წერია, რომ ბიოლოგიურ მშობლებს ახალშობილი ისე მიჰყავთ, რომ მას სუროგატმა დედამ არც უნდა შეხედოს. ეს ფსიქოლოგების რეკომენდაციით იმიტომ კეთდება, რომ სუროგატ დედას დედობრივი გრძნობები ტყუილუბრალოდ არ გაუჩნდეს.
თუმცა, რამდენად ნორმალურია ცხრა თვის განმავლობაში გრძნობდე, როგორ იზრდება შენ სხეულში ბავშვი და სამშობიაროდან შინ მარტო დაბრუნების შემდეგ საერთოდ აღარ გაღელვებდეს ის? ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი გულგრილობა არანორმალურია. "დარწმუნებული ვარ, რომ 9 თვის განმავლობაში გრძნობები სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის აუცილებლად ჩნდება და თუკი არ ჩნდება - მით უარესი", - ამბობს ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა და, პირველ რიგში, ახალშობილს გულისხმობს. ბავშვი დედასთან კავშირს მუცლადყოფნის პერიოდშივე ამყარებს. რეაგირებს დედის ემოციებზე, განიცდის ყველაფერს, რაც დედას აწუხებს. ამიტომ, სუროგატი დედის საშვილოსნოში გაზრდილი ბავშვი ყოველთვის "გრძნობს, რომ ის არ უყვართ და ეს ზემოქმედებს მის ფსიქიკაზეც და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც". ფსიქოლოგის თქმით, სუროგაცია მავნედ მოქმედებს სუროგატი დედების ჯანმრთელობაზეც. "ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა და მშობიარობა ზოგადად უდიდესი ტრავმაა. ამიტომ არ მგონია, სუროგაციამ სუროგატი დედების ფსიქიკა დაინდოს", - აღნიშნავს ის.
დალიც ხვდება, რომ თანხა, რომელსაც სხვისი შვილის გაჩენის სანაცვლოდ აიღებს, შვილის მონატრებით, ნათესავებისგან გამუდმებული მალვით და ყალბი დედობით მიყენებულ სტრესს ვერ აუნაზღაურებს. თუმცა, "როცა უქონელი ხარ, სხვა გზა არ გაქვს! რამდენიმე თვე ვიყოყმანე, ქმარიც ძლივს დავიყოლიე და ბოლოს, ფული რომ მეშოვა, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი".
ახლა მეგობარ ლალისთან ერთად ნაქირავებ ბინას იყოფს. ლალი ქართველი ცოლ-ქმრისთვის ელოდება ტყუპებს. მომავალ დედებს ერთ ოთახში სძინავთ. ტელევიზორი მათი ერთადერთი გასართობია. არ მუშაობენ, ძირითად დროს შინ ატარებენ და მხოლოდ შებინდებისას გადიან სასეირნოდ - შემთხვევით ქუჩაში ვინმემ რომ არ იცნოთ. საზოგადოების აზრი ორივეს აღელვებს. "ხალხს ვუმალავთ. ყველა ვერ გაიგებს. ყველას ხომ ვერ ავუხსნით" .
ღირს კი ფულის გამო ამყველაფრისატანა?მაგრამ,ამასაც ხომ შვილების გამო აკეთბს სუროგატი დედების უმეტესობა.
No comments:
Post a Comment