Sunday, February 3, 2013

კანონები აზიანებს სუროგაციაას?????

დონაციისა და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი არათუ სიტუაციას დაარეგულირებს, არამედ უკანონო გარიგებებს შეუწყობს ხელს. 
თამარ ხაჭაპურიძე: 
– რომელიღაც ქვეყნის კანონი გადმოთარგმნეს ისე, რომ ქართველი სპეციალისტებისათვის აზრი არ უკითხავთ. ვითომ ემბრიონების ინტერესებს იცავენ. ამ დროს ხელოვნური განაყოფიერება წყვილს უჯდება 8 ათასი ლარი და ამას სახელმწიფო არ აფინანსებს. როგორ შეიძლება, ამხელა თანხა გადაიხადო და ყველა მიღებული კვერცხუჯრედი არ გამოიყენო?! რომ არ დაორსულდეს ქალი პირველ ცდაზე, კიდევ საიდან მოიტანოს 8 ათასი ლარი? საქართველოში ემბრიონების გაყინვა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ გაყინული კვერცხუჯრედიდან მიღებული ორსულობა საქართველოში კი არა, მსოფლიოში არსადაა დახვეწილი. წარმატებით იყინება სპერმატოზოიდები და ემბრიონები. ესენი კი ამბობენ, რომ კვერცხუჯრედი გაყინონ და არა – ემბრიონი. ეს კანონი დაწერილია ამ საქმეში ჩაუხედავი პირების მიერ. არის ქვეყნები, სადაც ასეთი მოთხოვნებია, მაგრამ იქ სახელმწიფოს დაფინანსებით არის მიღებული ის კვერცხუჯრედები. აქ კი ნაცოდვილარი ფულით აღწევენ კვერცხუჯრედების მიღებას და მათი გაუქმება შეიძლება?! უკრაინაში ნებადართულია ეს ყველაფერი, წავალთ და იქ ვიმუშავებთ, მაგრამ აქაურ წყვილებს რა ეშველებათ?!
– რამდენად ხშირად გასცემს დონორი თავის გამეტას (სპერმატოზოიდს ან კვერცხუჯრედს), ამას ვინმე ითვლის? 
– თუ ორჯერ მივიღებდით შედეგს დონორისგან, მესამედ არავითარ შემთხვევაში აღარ ვიყენებდით მის მასალას ქართველ წყვილზე, რომ ინცესტისგან დაგვეცვა თავი. ახალ კანონში უწერიათ, გამეტებით ვაჭრობა აკრძალულიაო და ამ დროს სპერმის ბანკებს რას უშვრებიან?! დონორის საკვერცხეების სტიმულაციას სჭირდება 10–12 დღე და ქალი დღეში სამჯერ იკეთებს ჰორმონალურ პრეპარატებს. მერე ნარკოზის ქვეშ უღებენ კვერცხუჯრედებს. ურთულესი პროცედურებია. ამ დროს ქალს დასვენებაც სჭირდება, კარგი კვებაც და ვინ გასცემს თავის კვერცხუჯრედს უფასოდ?!
ერთადერთხელ მოხდა, რომ დას დამ გაუჩინა შვილი, მაგრამ კონტრაქტი მაინც დავადებინეთ. თუ ვერ ნახა ისეთი ნათესავი, რომელსაც შეუძლია ან სურვილი აქვს, უანგაროდ გაუჩინოს შვილი, რა ქნას, უშვილოდ დარჩეს?! შეიძლება ქალს დიაბეტი ჰქონდეს, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია და თავისი გენეტიკური შვილი რომ ეყოლოს, სუროგატი დედის დახმარება სჭირდება. გამოდის, მათ ვწირავთ. საქართველოში სუროგაცია მოკვდება. ან იცით, რა მოხდება? სუროგაციის იშვიათ შემთხვევებს ექნება ადგილი, მაგრამ უკანონო გარიგებებით. შვილის ყოლის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ვერანაირი კანონი ვერ შეაშინებს.
– დღეს ემბრიონების გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავია? 
– მე ვინ მეტყვის ამას?! ემბრიოლოგი რას აკეთებს და მიკროსკოპში რას ხედავს, რომელი პოლიციელი მიხვდება?! ჯანდაცვის კომიტეტში კარგა ხანია დავაყენე საკითხი, რომ უცხოელებს უფლება არ ჰქონდეთ, საქართველოდან გაიყვანონ ბავშვი, თუ ამ წყვილიდან ერთ–ერთი მაინც არ იქნება ბავშვის გენეტიკური მშობელი. როცა გენეტიკურ მშობელს მიჰყავს ბავშვი, ის გარკვეულწილად დაცულია.
– სუროგატი დედების ჯანმრთელობა დაცულია? 
– 12 წლის განმავლობაში არც ერთ სუროგატს დაუკარგავს საშვილოსნო და არც არაფერი მოსვლია, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას კარგად ვსწავლობთ. კვერცხუჯრედის დონორებს უფრო აქვთ ხოლმე გულისწყვეტის მომენტი, რადგან იციან, რომ სადღაც მათი გენეტიკური შვილი არსებობს. ამის მიუხედავად, ბევრი ქალი გაჭირვების გამო სწორედ დონაციაზე მიდის და არა – სუროგაციაზე, რადგან ამ შემთხვევაში მუცელი არ ებერება და ვერავინ იგებს. ხშირად შვილი ჰყავთ სამკურნალო და ამისთვის სჭირდებათ თანხა! დონორობის მსურველი ბევრად მეტია, ვიდრე სუროგატობის. რაც შეეხება მორალს, ორივე მისაღებად მიმაჩნია, რადგან უშვილო ოჯახში ბავშვი იბადება, რაც დიდი სიხარულია.

No comments:

Post a Comment