Sunday, February 3, 2013

სუროგაცია საქართველოში


ეკლესიის დამოკიდებულება სუროგაციის შესახებ


ჩვენ ერთადერთი გზა ვიცითუფლის გზა, ღვთის სიტყვის მიდევნა. შვილის ყოლა თვით მიზნად არ უნდა იქცეს. ის, რაც წმინდაა, სუფთაა, არ უნდ აშეიბღალოს. ცოლ-ქმრული ურთიერთობები და მათი სარეცელი არ უნდა შეირყვნას. ქალისა და მამაკაცის შეერთება და თანაცხოვრება, ოჯახი და ბავშვებიც კი ღმერთის მონაწილეობის გარეშე ცოდვისა და სულიერი სიკვდილის წყაროა მხოლოდ... თუ კი ჩვენი ცხოვრება ღვთისათვის სათნო შეიქნება, როცა იმედი თითქმის გადაგვეწურება, შესაძლოა სწორედ მაშინ გვისმინოს უფალმა გულიდან აღმოსული ვედრება. ჩვენ ვიცით ამის მაგალითები წმიდა წერილიდან, გარშემოცაა მისი უამრავი მაგალითი. ...და თუ არ მოგვცემს ყრმას, თუ კი სხვა ღვაწლზე გვაკურთხებს უფალი, ამაშ იღმრთის უმაღლესი განგებულება დავინახოთ და მუდამ ვმადლობდეთ მას.

კანონები აზიანებს სუროგაციაას?????

დონაციისა და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი არათუ სიტუაციას დაარეგულირებს, არამედ უკანონო გარიგებებს შეუწყობს ხელს. 
თამარ ხაჭაპურიძე: 
– რომელიღაც ქვეყნის კანონი გადმოთარგმნეს ისე, რომ ქართველი სპეციალისტებისათვის აზრი არ უკითხავთ. ვითომ ემბრიონების ინტერესებს იცავენ. ამ დროს ხელოვნური განაყოფიერება წყვილს უჯდება 8 ათასი ლარი და ამას სახელმწიფო არ აფინანსებს. როგორ შეიძლება, ამხელა თანხა გადაიხადო და ყველა მიღებული კვერცხუჯრედი არ გამოიყენო?! რომ არ დაორსულდეს ქალი პირველ ცდაზე, კიდევ საიდან მოიტანოს 8 ათასი ლარი? საქართველოში ემბრიონების გაყინვა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ გაყინული კვერცხუჯრედიდან მიღებული ორსულობა საქართველოში კი არა, მსოფლიოში არსადაა დახვეწილი. წარმატებით იყინება სპერმატოზოიდები და ემბრიონები. ესენი კი ამბობენ, რომ კვერცხუჯრედი გაყინონ და არა – ემბრიონი. ეს კანონი დაწერილია ამ საქმეში ჩაუხედავი პირების მიერ. არის ქვეყნები, სადაც ასეთი მოთხოვნებია, მაგრამ იქ სახელმწიფოს დაფინანსებით არის მიღებული ის კვერცხუჯრედები. აქ კი ნაცოდვილარი ფულით აღწევენ კვერცხუჯრედების მიღებას და მათი გაუქმება შეიძლება?! უკრაინაში ნებადართულია ეს ყველაფერი, წავალთ და იქ ვიმუშავებთ, მაგრამ აქაურ წყვილებს რა ეშველებათ?!
– რამდენად ხშირად გასცემს დონორი თავის გამეტას (სპერმატოზოიდს ან კვერცხუჯრედს), ამას ვინმე ითვლის? 
– თუ ორჯერ მივიღებდით შედეგს დონორისგან, მესამედ არავითარ შემთხვევაში აღარ ვიყენებდით მის მასალას ქართველ წყვილზე, რომ ინცესტისგან დაგვეცვა თავი. ახალ კანონში უწერიათ, გამეტებით ვაჭრობა აკრძალულიაო და ამ დროს სპერმის ბანკებს რას უშვრებიან?! დონორის საკვერცხეების სტიმულაციას სჭირდება 10–12 დღე და ქალი დღეში სამჯერ იკეთებს ჰორმონალურ პრეპარატებს. მერე ნარკოზის ქვეშ უღებენ კვერცხუჯრედებს. ურთულესი პროცედურებია. ამ დროს ქალს დასვენებაც სჭირდება, კარგი კვებაც და ვინ გასცემს თავის კვერცხუჯრედს უფასოდ?!
ერთადერთხელ მოხდა, რომ დას დამ გაუჩინა შვილი, მაგრამ კონტრაქტი მაინც დავადებინეთ. თუ ვერ ნახა ისეთი ნათესავი, რომელსაც შეუძლია ან სურვილი აქვს, უანგაროდ გაუჩინოს შვილი, რა ქნას, უშვილოდ დარჩეს?! შეიძლება ქალს დიაბეტი ჰქონდეს, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია და თავისი გენეტიკური შვილი რომ ეყოლოს, სუროგატი დედის დახმარება სჭირდება. გამოდის, მათ ვწირავთ. საქართველოში სუროგაცია მოკვდება. ან იცით, რა მოხდება? სუროგაციის იშვიათ შემთხვევებს ექნება ადგილი, მაგრამ უკანონო გარიგებებით. შვილის ყოლის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ვერანაირი კანონი ვერ შეაშინებს.
– დღეს ემბრიონების გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავია? 
– მე ვინ მეტყვის ამას?! ემბრიოლოგი რას აკეთებს და მიკროსკოპში რას ხედავს, რომელი პოლიციელი მიხვდება?! ჯანდაცვის კომიტეტში კარგა ხანია დავაყენე საკითხი, რომ უცხოელებს უფლება არ ჰქონდეთ, საქართველოდან გაიყვანონ ბავშვი, თუ ამ წყვილიდან ერთ–ერთი მაინც არ იქნება ბავშვის გენეტიკური მშობელი. როცა გენეტიკურ მშობელს მიჰყავს ბავშვი, ის გარკვეულწილად დაცულია.
– სუროგატი დედების ჯანმრთელობა დაცულია? 
– 12 წლის განმავლობაში არც ერთ სუროგატს დაუკარგავს საშვილოსნო და არც არაფერი მოსვლია, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას კარგად ვსწავლობთ. კვერცხუჯრედის დონორებს უფრო აქვთ ხოლმე გულისწყვეტის მომენტი, რადგან იციან, რომ სადღაც მათი გენეტიკური შვილი არსებობს. ამის მიუხედავად, ბევრი ქალი გაჭირვების გამო სწორედ დონაციაზე მიდის და არა – სუროგაციაზე, რადგან ამ შემთხვევაში მუცელი არ ებერება და ვერავინ იგებს. ხშირად შვილი ჰყავთ სამკურნალო და ამისთვის სჭირდებათ თანხა! დონორობის მსურველი ბევრად მეტია, ვიდრე სუროგატობის. რაც შეეხება მორალს, ორივე მისაღებად მიმაჩნია, რადგან უშვილო ოჯახში ბავშვი იბადება, რაც დიდი სიხარულია.

სუროგაციის პირობები მკაცრდება

მე–20 საუკუნის მიწურულამდე ადამიანები მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის შედეგად იბადებოდნენ. ტექნიკური პროგრესის საუკუნეში კი ექიმებმა ემბრიონის შექმნა სინჯარაში მოახერხეს. ქალის კვერცხუჯრედში მამაკაცის სპერმა ხელოვნურად შეჰყავთ და ახალი სიცოცხლეც ისახება, რომელსაც საშვილოსნოში ათავსებენ. მედიცინის სასწაული ბიოლოგიური შვილის ყოლის ბედნიერებას ანიჭებს იმ ქალსაც, რომლის საშვილოსნოს ნაყოფის ტარების უნარი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში მის ნაყოფს სუროგატი დედის საშვილოსნოში ათავსებენ. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სუროგაცია გავრცელებული მეთოდია და, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყაროც. 
ელენე ობოლაძე: 
დღეს მოქმედი კანონი 1997 წელს მიიღეს. მაშინ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგია კარგად არ იყო განვითარებული. გარკვეული საკითხების რეგულირება აუცილებელია. ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები არ არსებობს. გადავწყვიტეთ, რაც გვაქვს, ის სამედიცინო ტექნოლოგიები შევინარჩუნოთ, მაგრამ მოვაქციოთ გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია და ვინც გარიგებაში მონაწილეობს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
ევროპაში მხოლოდ საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთშია დაშვებული სუროგაცია. დიდ ბრიტანეთში გაშვილების წესით, ორდერით გადაეცემა ბავშვი წყვილს. იქ, მიუხედავად იმისა, რომ სუროგატ დედას გენეტიკური კავშირი შეიძლება არ ჰქონდეს ბავშვთან, თუ ქალმა ამ ბავშვის დატოვება გადაწყვიტა, უფლება არ აქვთ, მას ჩვილი წაართვან. პორტუგალიაში ამჟამად მუშავდება კანონი ალტრუისტულ, ანუ არაკომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებით. კომერციული სუროგაცია დაშვებულია რუსეთში, უკრაინასა და ინდოეთში. 

სამაგიეროდ, ამერიკაში ყვავის კომერციული სუროგაცია. 

34 შტატი შედარებით ლიბერალურია ამ მხრივ, მაგრამ იქ სასამართლო სწავლობს ხელშეკრულების დადების პირობებს და შესაძლოა ეს ამბავი უშვილო წყვილისთვის კარგად არც დამთავრდეს. ჩვენ გვინდა, დავაწესოთ გარკვეული ჩარჩოები, რომ არ მოხდეს უკანონო გარიგება. მოვხაზეთ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების ნუსხა, ასევე იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს. 
ამ კანონის მიხედვით, ხელოვნური განაყოფიერების ერთ ცდაზე იკრძალება სამ ემბრიონზე, ანუ იმაზე მეტის მიღება, რამდენის გადატანაც ერთდროულადაა შესაძლებელი საშვილოსნოში. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი რა არის? 
თუ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებისას ძალიან ბევრ ემბრიონს მივიღებთ, მერე რა ვქნათ, გავანადგუროთ? საერთაშორისო საზოგადოება, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ემხრობა იმას, რომ მივიღოთ იმდენი ემბრიონი, რაც ერთი გადატანის დროს იქნება საჭირო. ეს იქნება სამი თუ ხუთი, ამას აჩვენებს ამ დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა. თუმცა ფაქტი ერთია – უნდა მივიღოთ ემბრიონების მინიმალური რაოდენობა, რომ მერე გასანადგურებელი არ გახდეს. 
რამდენად მისაღებია ემბრიონების განადგურება ჩვენი რელიგიისთვის თუ მორალური თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ რამდენიმე საათის ჩასახული ემბრიონის უფლებებზე ვისაუბროთ მაშინ, როცა კანონით დაშვებულია 12 კვირის ორსულისთვის აბორტის გაკეთება... 
აბორტის აკრძალვა ვერ იმუშავებდა – აბორტების კრიმინალიზაციას გამოიწვევდა. თანაც ბოლო დროს აბორტების რაოდენობა ძალიან შემცირებულია, რაშიც ეკლესიამ ითამაშა პოზიტიური როლი. 
ევროპაში ხელოვნური განაყოფიერება უფასოა. ჩვენთან კი ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ კანონით, წყვილს ეკრძალება სარეზერვო ემბრიონის შენახვა – კრიოპრეზერვაცია, ანუ გაყინვა. ხელმეორე ცდის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან უნდა გაკეთდეს და იგივე დიდი თანხა დაჯდეს. ამას ყველა ვერ შეძლებს. 
გიდასტურებთ, რომ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები უშვილო წყვილებისთვის პირველი ცდა არის უფასო, მაგრამ უფლებრივი და ფინანსური საკითხები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. გეთანხმებით, რომ ეს ფინანსურად მძიმეა, მაგრამ ემბრიონსაც გააჩნია თავისი უფლებები. საქართველოში ბევრი ხელოვნური განაყოფიერების ცენტრია გახსნილი, რომლებიც, არავინ იცის, რა ნებართვის და ლიცენზიის საფუძველზე მუშაობენ. ახლახან წავიკითხე, რომ ასეთი ცენტრი გონიოს რომელიღაც სასტუმროში გაიხსნა! 
ასეთი ცენტრები ნებართვის გარეშე მუშაობენ? იქნებ აქედან დაგვეწყო კანონში ცვლილებების შეტანა? 
არ ვიცი, რომელი დაწესებულება როგორ მუშაობს. სამედიცინო ხარისხზე კონტროლის გაწევა პარლამენტის საქმე არ არის. ჩვენი კომიტეტი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები. ხელოვნური ჩასახვის შედეგად გარკვეული დეფექტით რომ დაიბადოს ბავშვი და წყვილმა იჩივლოს, ეს სერიოზული საკითხია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველგან შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის გახსნა. არ არსებობს სუროგატი დედების და დონორების ერთიანი რეესტრი. ახალი კანონით, ყველა დაწესებულება ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს ერთიან რეესტრს. 
ალბათ არც ერთი ქალი დათანხმდება, მუცლით ატაროს სხვა ქალის ნაყოფი, თუკი მას ფინანსური დაინტერესება არ ექნება. ახალი კანონით კი, თუ ქალს არ ჰყავს და ან სხვა ნათესავი, ვინც უანგაროდ გახდება მისი შვილის სუროგატი დედა, მას უშვილოდ დარჩენა ემუქრება. 

არის მოსაზრება, რომ სუროგატი დედებისთვის ეს სიღარიბიდან ამოსვლის ერთ–ერთი საშუალებაა. ზოგ ქვეყანაში ორგანოებითაც ვაჭრობენ. ვიღაც უნარშეზღუდული იბადება. რა ვქნათ, ბუნებამ ასე დაუშვა. ამ უნარებს ჩვენ ხომ ვერ შევუვსებთ? არის საკითხები, რაც კანონით არ წესრიგდება ისე, რომ ყველა მხარე ბედნიერი იყოს. რა გავაკეთოთ, ვისარგებლოთ გაჭირვებული ქალებით, რომ მათ გააჩინონ ბავშვები? ეს არ არის ერთი ადამიანის მიერ მეორის შეურაცხყოფა?! 
მე მისაუბრია სუროგატ დედებთან, რომლებიც მორალურადაც და ფინანსურადაც კმაყოფილები იყვნენ, რომ უშვილო წყვილს დაეხმარნენ შვილის გაჩენაში. შეურაცხყოფილი არავინ იყო. 
საქართველოში ისეთი დედებიც გვინახავს, სიხარულით რომ ყიდიან შვილებს. პროფესიით გინეკოლოგი ვარ და ვიცი, ორგანიზმში რა ძვრები ახლავს ორსულობას. როცა ამას ალტრუისტულად აკეთებ ახლობლისთვის, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ, როცა ფულის გამო... უცხოელი რომ შემოდის, ქართველ ქალს აჩენინებს შვილს, მიდის და აქ გვრჩება ნამშობიარევი ქალი, რომელსაც შეიძლება რაღაც გართულება დაემართოს, ეს ხომ მისი ოჯახის და სახელმწიფოს პრობლემაა? ჩვენ გვიწერია, რომ სუროგაცია დაშვებულია მხოლოდ ქორწინებაში მყოფი წყვილებისათვის, თუმცა გამოიკვეთა აზრი, რომ ეს უფლება მარტოხელებსაც მივცეთ. 
აგრეთვე 
კრძალავთ  ანაზღაურებას კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორებისთვის. 
ჩვენი პროექტით, ყიდვა–გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ აქაც შეიძლება მოიძებნოს კომპრომისი, რადგან გვიწერია, რომ უნდა ანაზღაურდეს დრო, ტრანსპორტი, სამუშაოდან მოცდენა... კანონის პირველ მოსმენამდე ამ საკითხზეც გავივლით კონსულტაციას. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს დონორების ჯერადობას, რომ ინცესტი არ მოხდეს. დღეს კი არც ეს კონტროლდება. 
გასაშვილებელი ბავშვების კუთხით რა მდგომარეობაა? 
ჯანმრთელი ბავშვი, რომლის აყვანასაც ოჯახი თანხმდება, ძალიან ცოტაა. შეიძლება წყვილს ათეული წელი მოუწიოს რიგში დგომა.
...



Friday, February 1, 2013

რომელ ქვეყნებში იკრძალება სუროგატი დედობა კანონით...


სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე სამ წლიანი ციხე. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა. 
საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია, მაგრამ როგორ ამაზე არფერია ნათქვამი.

საქართველოში კომერციული სუროგაცია შესაძლოა, აიკრძალოს

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც “ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები” უნდა შევიდეს, პარლამენტმა განსახილველად უკვე მიიღო. როგორც კანონპროექტის ინიციატორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს, ცვლილების მთავარი მიზანი ხელოვნური განაყოფიერების პროცედურების სამართლებრივი დარეგულირებაა. კანონპროექტის მიხედვით იკრძალება ხელოვნური განაყოფიერება ნაყოფის გაყიდვის მიზნით, ასევე, იკრძალება კომერციული სუროგაცია, დაშვებულია მხოლოდ ალტრუისტური  სუროგაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სუროგატმა დედებმა სხვებისთვის შვილები მხოლოდ ჰუმანური მიზნით, ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე უნდა გააჩინონ.

სუროგატი დედების რაოდენობა იზრდება


სუროგატი დედის წყალობით, პირველი ბავშვი საქართველოში 2004 წელს გაჩნდა. მას შემდეგ სუროგაციისადმი დამოკიდებულება წლიდან წლამდე იცვლება. 

ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს სუროგაციის ცენტრში სუროგატი დედობის მოსურნეთა რაოდენობა იზრდება. 2008 წლიდან რეგისტრაცია 38-მა ქალმა გაიარა. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში კი სამი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი წარმატებული გარიგების ისტორია ინახება. "საზოგადოება ამ სიახლეს თანდათან ეგუება, თუმცა ბევრისთვის სუროგაცია, როგორც კომერციული პრაქტიკა, დღემდე მიუღებელია", - აცხადებს ცენტრის დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი. მიზეზი ხშირად რელიგიურია. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას სუროგაციის მიმართ საჯაროდ და ოფიციალურად არასდროს გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება, საზოგადოების დიდ ნაწილს ამ სიახლის მიღება სწორედ რელიგიური შეხედულებების გამო უჭირს.